Songtekst
khalde
ბატონად ვინ გაუხდება სვანი კაცის ურჩ სულს, არ დაუთმო ციცქნა ხალდემ ორთავიან ურჩხულს. სვანი კაცი ბატონობის არ დაიდგამს უღელს, შეფიცულან შეთქმულები კვირიკეზე წუხელ. მტრის ჯარი კი მოსდგომია იფრალსა და მიჯვრიშს, ლამაზ ხალდეს ზარბაზნები დაუშინეს მიჯრით. ტყვიის სეტყვას მკერდს უშვერდა მურყვამების რიგი, მოწყდა კოშკი მაგრამ მაინც არ დაინგრა იგი. სულ ორმოცი კაცი იბრძვის ჯართან ხუთი მაზრის, მაგრამ ბრძოლას, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. უმალ მთვარე დაიღლება შხარის მხრებზე წოლით, ვიდრე გმირი ხალდელები ხალდესათვის ბრძოლით. იბრძვის ჯოხან მასთან ერთად ჩარგაზი და მომი, არ ნებდება უძველესი მეომარი ტომი. რადგან თავისუფლების სწამთ ყველაფერზე მეტად შეეხიზნენ კლდის მერცხლები სახიზარებს კლდეთა. ჭექენ გმირი ხალდელები გმირულ გაულ-გავხეს, სოფელი კი დაჭრილ მკერდზე იფენს ნისლის ნახევს. და იბრძოდა ციცქნა ხალდე ჯართან ხუთი მაზრის, რადგან ბრძოლას, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.